ფოთის მერია: ავტოპარკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურად გრძელდება – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, მოემსახურება იმ ათ ახალ ავტობუსს, რომლებსაც ქალაქი მიიღებს მიმდინარე წელს ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში.

“ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ,,ფოთში დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია მოძველებული ტრანსპორტის გამო. ავტოპარკის განახლების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს საჯარო ტრანსპორტით. ქალაქის ფუნქციონირებას და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი როგორც სწრაფი, ეფექტიანი და იაფი გადაადგილების საშუალება”- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ქალაქში დაწყებულია ავარიული გზების რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 3 ქუჩაზე მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 ქუჩაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ყველაფერი ეს, ერთად, გააადვილებს გადაადგილებას და გააუმჯობესებს მუნიციპალური ტრასნპორტის მომსახურების ხარისხსაც”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები