ვეტერინარი: “კუპატას” ღვიძლის გაცხიმოვნება აქვს, ნუ შეუქმნით საფრთხეს მის ჯანმრთელობას”

ბათუმელ კუპატას მკურნალობა ესაჭიროება. ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულ ძაღლს ღვიძლის გაცხიმოვნება დაუდგინდა, რაც არასწორმა კვებამ გამოიწვია. ამის შესახებ ვეტერინარი გიორგი კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუპატას ნებისმიერი საჭმელი პროდუქცია არ მიაწოდონ.
„დღეს „კუპატას“ მკურნალობის პირველი დღეა. ღვიძლის გაცხიმოვნება აქვს და წონის პრობლემა, ამიტომ დღეს საჩუქარი დაიმსახურა ხალხის რჩეულმა და გიორგი ექიმმა 1 ტომარა საუკეთესო ხარისხის დიეტური საკვები აჩუქა.
ვინაიდან პრობლემები არასწორი კვების ბრალია, გთხოვთ, გაითვალისწინოთ და „კუპატას“ მკაცრ რაციონს ნუ დაარღვევთ!! ნუ შეუქმნით საფრთხეს მის ჯანმრთელობას!!!
პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას „კუპატას“ ჯანმრთელობის შესახებ“, – წერს გიორგი კალანდაძე.

“კუპატა” ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ბინადრობს, იგი გამვლელ ბავშვებს ქუჩაზე გადასვლაში ეხმარება და ყეფით ცდილობს მიმავალი ავტომობილების შეჩერებას. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. პატივისცემის ნიშნად აბაშიძის ქუჩაზე ხელოვანებმა კუპატას გამოსახულება ერთ-ერთი კორპუსის კედელზეც მოხატეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები