გორთან ავარიისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

გორთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკა “გორმედის” კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბას თქმით, პაციენტი ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, შემოვიდა პოლიტრავმით. პაციენტს აღენიშნება ქალა- ტვინის ტრავმა, დაჟეჟილობა, მარჯვენა მხრის მოტეხილობა, მუცლის ღრუს ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება“, – განაცხადა ხათუნა შრუბმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

თბილისი -სენაკი -ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, დღეს მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ერთმანეთს ჯიპი და ტრაილერი შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები