წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე ახალი ხიდი შენდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე, მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაათვალიერა, როგორც მან აღნიშნა მნიშნელოვანია, რომ მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. მისი თქმით პანდემიის მიუხედავად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

„ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს. წალენჯიხაში სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს: შენდება და წესრიგდება გზები, სკოლები, ტარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს“, – განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ენგურზე გადასასვლელი ხიდი მასშტაბური პროექტია და მისი ბიუჯეტი ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ლარია. ახალი ხიდი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,Construction Service” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები