“სკოლისა და ბავშვების მონატრებას კალათების დაწვნით ვებრძვი“- 76 წლის სვანი პედაგოგის გატაცება

76 წლის პედაგოგი ნინო მუკბანიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხნმელურში ცხოვრობს. 1966 წლიდან 2019 წლამდე, ნახევარი საუკუნეზე მეტი, სკოლაში ბავშვებს ხელოვნებასთან ერთად ადამიანობას, საქართველოსა და თავისი კუთხის სიყვარულს ასწავლიდა. ხატვა და სხვადასხვა ნივთების კეთება ბავშვობიდანვე იტაცებდა, როცა სახელმწიფომ პენსიაზე გასვლა შესთავაზა, წლების მანძილზე გაწეული ამაგისთვის მასწავლებლის ჯილდო დამსახურებულად მიიღო და სკოლა დატოვა.
„პენსიონერი პედაგოგები ასე დაფასებულად ჯერ არ გაუშვიათ, სახლში წამოვედი, რომ არა ეს ჯილდო, ისედაც ვაპირებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც დასრულდა და ცხოვრების სხვა ეტაპი მოვიდა“,- გვიყვება მუკბანიანი.

ყოფილი პედაგოგი სევდანარევი ხმით გვესაუბრება და თავისი ხელით დამზადებულ იმ ნივთებს გვიჩვენებს, სკოლისა და ბავშვების მონატრებას, მათი კეთებით, რომ ებრძვის.
„ დეპრესია დამემართა, მომანატრა სკოლა, ბავშვები, რაღაცით უნდა შევბრძოლებოდი ამ ყველაფერს. ჩემში ბებიას გენებმა გაიღვიძა, სიმინდის გამხმარი გარსიდან, ფუჩეჩს რომ ვეძახით, კალათებს და სხვადასხვა ნივთებს წნავდა. მეც ვცადე და გამომივიდა“,-გვიყვება ქალბატონი ნინო.

უამრავი კალათა დაწნა, დღესაც აგრძელებს, ასე სიბერეს და მონატრებას ებრძვის, ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს , მაგრამ ამბობს, რომ უარყოფითი განწყობით არც ერთი დაუწნავს.
„ჩემი ნივთებით ყველა სახალხო დღესასწაულზე ვარ მიწვეული, დავდივარ გამოფენებზე, ჟურნალისტები მოდიან, ფოტოებს მიღებენ და ინტერვიუებსაც მთხოვენ, უკვირთ, სიმინდის ფუჩეჩიდან ასეთი ლამაზი კალათები რომ გამომყავს. ახლა შვილიშვილებსაც ვასწავლი, ვინ იცის,მათაც გამოადგეთ სიბერეში და მომიხსენიონ“,-გვეუბნება და ახლადდაწყებული კალათის წნას გულმოდგინედ განაგრძობს…

 

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები