“ბრალდებები, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხდომების შესახებ არ შეატყობინა, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება”

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მარნეულის საოლქო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, საოლქო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.

მისივე ინფორმაციით, ასევე იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტიც.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით მსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ის ძალადობის და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ფაქტები, რომლებიც ჩვენ ყველამ მედიასივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ.

სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა, განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ ვიდეოგადაღებას მისი ნებართვის გარეშე, რაზეც პასუხად მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს უფლება აქვთ ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვბებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომლებიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.

ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ არ შეატყობინა.

„ის ბრალდებები, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება. ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე დაკავშირება, საიდანაც რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხდა დაკავშირება შეუსაბამო ტელეფნის ნომრის მითითების გამო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26 წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომებში, საიდანაც გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები