ახალციხის საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან

ახალციხის საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.სააღმზრდელო ჯგუფების მოწესრიგებასთან ერთად, მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესასრულებლად აუცილებელი ინვენტარითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.

აღნიშნულ პროცესში ჩართულია სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, რომელიც პანდემიის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მხარდაჭერაა. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღისათვის დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები და ნარჩენების კონტეინერები შეიძინა.

გარდა ამისა, ახალი სააღმზრდელო წლისთვის ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ“, ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელისათვის ინდივიდუალური ყუთების შესაქმნელად სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) შეიძინა. ასევე, შეძენილი იქნა სამზარეულოს ინვენტარი, პირბადეები, საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინვენტარისა და სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ელენა ბეგიაშვილი ადგილზე გაეცნენ. აღინიშნა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით აღსაზრდელებისათვის უსაფრთხო გარემოში დიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები