ფოთში ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან სამი ფოთში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ ერთი ოჯახის წევრებს დაუდგინდა. მათივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.
“ლაბორატორიაში კვლევისთვის 33 ნიმუში იყო გაგზავნილი, აქედან 30-ის პასუხი უარყოფითია, სამის კი დადებითი. სამივე ერთი ოჯახის წევრია და ინფიცირების წყარო ბათუმს უკავშირდება. ისინი გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე მოძიებულია მათი 4 კონტაქტი და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. თვითიზოლაციაში 45 პირი იმყოფება“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.
ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.