სოფელ გვიმბალაურის ახალგაზრდებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა
ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატ, ნინო წილოსანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდნენ.
“დღევანდელი დღე არამხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა. ჩემთვის ეს პროექტი სამაგილითოა, რადგან ის ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით შედგა.
ბავშვები გუშინ შემოვიდნენ აკადემიაში. მათ ადგილზე ცხოვრებისთვის, სწავლისთვის და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
“ვულოცავ ლანჩხუთს და მთლიანად გურიას ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას. გურიის რეგიონში აკადემიის აშენების იდეა დაახლოებით ორი წლის უკან გაჩნდა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. ჩემი აზრით, საფეხბურთო აკადემია მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთის, ასევე რეგიონის განვითარებისთვის. გურიაში ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელები როგორც ადგილობრივ კლუბებს, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან”- განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინსტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.