ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა
კორონავირუსით 32-ე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავდებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა გარდაცვლილ პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში იმყოფება, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგემლებთან შეხვედრას მართავს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.