მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციებს, რადგან მისი თქმით, ეს „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი გზაა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ბოლნისში, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებების და ძალადობის შედეგად კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რეალურად კი, სიმართლე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის დღეს, ისე მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებაში გამოიხატებოდა.
„მაგალითად, გუშინ, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ – ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. თუმცა კონფლიქტის ესკალაცია შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები“, – აღნიშნა მდინარაძემ.