ლაგოდეხის მერია: შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მიმდინარე წელს შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში 7 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 266 135.35 ლარი დაიხარჯა, -ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, შრომის თემში შესრულებული სამუშაოები ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის სურვილით დაიგეგმა.
სოფელ კავშირში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. მოწესრიგდა საბავშო ბაღის ეზო და დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები.
სოფელ შრომაში – სტალინის, ჰერეთისა და კავკასიონის ქუჩებზე, 6 500 გრძ. მონაკვეთი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. სოფელ კავშირში კი შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 219 362 ლარი გამოიყო. სავალ გზასთან ერთად სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები მოეწყობა.
სოფელ კავშირში სანიაღვრე არხისა და ცხაურების მოწყობის სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 824 ლარი გამოიყო, ხოლო სოფ. შრომაში სარწყავი არხის მოწესრიგებისთვის 25 198,61 ლარი დაიხარჯა.
სოფელ შრომისა და სოფელ კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტი გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 924 895 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ კავშირში ახალგაზრდებისთვის სპორტული მინი სტადიონი მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები