„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი: ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ამ დროისთვის, მცხეთის სამედიცინო ცენტრში 75 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. უმეტესი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საშუალო სიმძიმისაა, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში მკურნალობას აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამი პაციენტი გადის და აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
„ბოლო პერიოდში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში გვაქვს სერიოზული შემთხვევები. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან ორი პაციენტი არის კრიტიკული და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ორივე პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, – ერთი გუდაუთის და მეორე სოხუმის კლინიკიდან. ისინი დამძიმების შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს გუშინ აფხაზეთიდან ჩვენს კლინიკაში, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არ არის. ზოგადად მძიმე პაციენტების რაოდენობამ პროცენტულად მოიმატა“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
ასევე, მუმლაძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსი 2 თვის ბავშვს დაუდასტურდა.
„ეს არის ოჯახური შემთხვევა, ინფიცირებულია ბავშვის დედ-მამა და მოხდება მისი პედიატრიულ კლინიკაში გადამისამართება. საბედნიეროდ, ბავშვებთან მსუბუქად, თითქმის უსმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
როგორც კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მართვითი სუნთქვის აპარატების პრობლემა ქვეყანაში არ არის, თუმცა შემთხვევების გაზრდის ფონზე, შესაძლოა, ქვეყანას გაუჭირდეს.