“ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების სამსახურში ჩავდექით“- ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია ონში

ონში, კულტურის სახლის ეზოში, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის პროექტის-„ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა“- პრეზენტაცია გაიმართა.

ახალგაზრდული სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში 2020 წელში საქართველოს ყველა რეგიონში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისა) ახალგაზრდული ინიციატივები და პროგრამები დაფინანსდა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, ასეთი სახის პროექტები მთიანი რეგიონების წინსვლას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს.

„დღეს ონში რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გვაქვს, ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის მთავარ მიზანს ახალგაზრდული ეკოსისტემის შექმნა წარმოადგენს. გვინდა, ახალგაზრდულ სექტორში ახალი სისხლი გაჩნდეს, შეიქმნას ორგანიზაციები, შესაბამისად მილიონიანი ფონდის ნახევარი იმ ორგანიზაციებზე დაიხარჯება, რომლებიც ახალგაზრდულ სფეროში ახლა შემოდიან და ახალ პროექტებს წარმოადგენენ“, -განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ქრისტინე ლუხუტაშვილი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მეორეკურსელი, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრია და დაფინანსებული პროექტის განხორციელებაზე დიდ იმედებსაც ამყარებს.
„რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეაში ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან 50 ახალგაზრდა გავერთიანდით, დაფინანსებული პროექტის განსახორციელებლად ძლიერი გუნდი შევიკრიბეთ. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების სამსახურში ჩავდექით, რითაც ბევრი სასიკეთო საქმის განხორციელებას შევძლებთ,“ – ამბობს ქრისტინე ლუხუტაშვილი.
კულტურის სახლის ეზოში, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოფენა და ცოცხალი ბენდის კონცერტი გაიმართა.
პროექტს რაჭა-ლეჩხუმისა და და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი პარტნიორ ორგანიზცია-კვლევით ცენტრ „პი ემ სი“-სთან ერთად ახორციელებს.
პრეზენტაციას ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, ასამბლეის წევრები და ონის მოსახლეობა ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები