ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მალე დასრულდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მერის დათო გოგუას თქმით, ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი. ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი მეტ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს ველით, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუასთან ერთად. მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია გაეცნენ.

სამუშაოები გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ტარდება, სავალი ნაწილის სიგანე 6.5 მეტრია. პროექტის მიხედვით იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მილიონი ლარია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები