ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
“შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან 6 სამეგრელოდანაა ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი, 16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძინეა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-ს შეადგენს.