ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები სიცრუეა და ვითარების საპირისპიროდ წარმოჩენას ემსახურება.
მეშველიანის განცხადებით, თავს არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, არამედ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაესხნენ.
„ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც დღეს აგიტაციით იყვნენ დაკავებული, თავს დაესხნენ ჩაიხანაში, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა შემდეგ ზონის უფროსისა და ჩვენი სხვა აქტივისტების ჩართულობით, მოხდა სიტუაციის განმუხტვა. როდესაც ჩვენი აქტივი საკუთარ შტაბთან მივიდა, მანდ მოხდა უკვე ხელკეტებითა და ქვებით მათზე თავდასხმა. ამ თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მოქმედი პირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ცნობილი ექსტრემისტი, იუსუფოვი, რომელმაც პირადად ხელკეტით თავი გაუტეხა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის მარნეულის საავადმყოფოში. კიდევ ერთი ფაქტია, რომ არიფ იუსუფოვი, რამდენიმე დღის წინ მისული იყო ჩვენი აქტივისტის სახლში და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, რომელი მუქარაც დღეს სისრულეში მოიყვანა. ჩემი ძმა, ჩაიხანაში დაწყებული ინცინდენტის დროს იქ არ იმყოფებოდა და იყო შტაბში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ის მივიდა ინცინდენტის ადგილზე და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მხარეების დაშორიშორება და უკან შტაბში დაბრუნება, რის შემდეგაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ მოხდა შტაბზე თავდასხმა. ეს ყველაფერი, რასაც ისინი იძახიან სიცრუეა და ვითარების საპირისპიროდ წარმოჩენას ემსახურება“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.