მთიან აჭარაში პირველ, ევროპული დონის სამთო ველობილიკზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასში ქართველი და უცხოელი ექსპერტებია ჩართული, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.
უწყების ცნობით, სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.
„ეს იქნება პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკი აჭარაში, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის. ველობილიკი გადის ულამაზეს ტყეში და სრულებით იზოლირებულია სატრანსპორტო გზიდან, რაც ხელს შეუწყობს ველომრბოლელებს ისიამოვნონ ულამაზესი ბუნებით. ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისას ვგეგმავთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, ველო და ავტოპარკინგის, წყლის პუნქტებისა და საპირფარეშოების გაკეთებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაციას,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.