ახალციხეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, დღეს, ქალაქ ახალციხეში კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ქალაქის ცენტრალურ პარკში არსებული მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.