ბათუმში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ
“გახსენით სკოლები”, “აღადგინეთ ფრენები”, “დაგვიბრუნეთ სამსხურები”, “გახსენით სამორინეები” – ამ და სხვა შინაარსის ტრანსფარანტებით ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილი გამოვიდა და ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები, რომელთა უმეტესობაც რესტორნებისა და სამორინეების თანამშრომლები არიან, ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო მათ ფაქტობრივად დაკარგეს სამსახურები და უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ვირუსი.
“ვმუშაობდი რესტორანში მუსიკოსად, 10 საათის მერე რომ აიკრძალა მუშაობა, ფაქტობრივად დავრჩი სამსახურის გარეშე, რომც იყოს სამუშაო, როგორ უნდა მივიდე, ტრანსპორტი არაა, ტაქსის ფული რომ მქონდეს, რაღად მინდა სამსახური, რა მნიშვნელობა აქვს, უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე კოვიდი, უკვე მეორედ დავრჩი უმუშევარი”-ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეთა ნაწილი 200-ლარიან კომპენსაციას იღებს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი, ისინი პროცენტის შემცირებას და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.