მმართველი გუნდის თელავი – ახმეტა – ყვარელი – ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი, ალაზნის გამზირი-კავკასიონის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტის დეტალები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე ის გამოწვევები მოისმინა, რაც თელავის ამ უბნის მაცხოვრებლებს მთავარ გამოწვევად მიაჩნიათ. ქადაგიშვილის განცხადებით, კავკასიონის ქუჩაზე მრავალბინიანი ეზოები კეთილმოეწყობა და მომავალი წლისთვის თელავის ამ უბნის მოსახლეობას ახალი სკვერები და გამწვანებული გარემო ექნებათ.
„თელავის ამ უბანში ახლა მიმდინარეობს წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია, მონტაჟდება მრიცხველები და ამავდროულად დაიწყო უკვე შიდა ეზოების, ქუჩების და ბორდიურების მოწესრიგება. ეს პროექტი დაწყებულია და მომავალი წლისთვის აქ სხვა რეალობა გვექნება. გამწვანება, ბავშვებისთვის პარკები, სავარჯიშოები და ეს ყველაფერი რეალურად შეცვლის მათი ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კავკასიონის ქუჩაზე, მრავალბინიან საცხოვრებლებში ეზოების კეთილმოწყობის პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი, თელავის მუნიციპალიტეტის თანადაფინასებით ახორციელებს და პროექტის ჯამური ღირებულება 4 130 000 ლარს შეადგენს.