პენიტენციური სამსახური: კოვიდ-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

„კოვიდ-19“ დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია”, – ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური „პისიარ“ ტესტირების შედეგად „კოვიდ-19“ დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური „პისიარ“ ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და „პისიარ“ ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმიური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება).

იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები