ევროსტანდარტების შესაბამის ახალ ავტობუსებს რუსთავი განახლებული ავტოსადგომით დახვდება
ევროსტანდარტების შესაბამის ახალ ავტობუსებს რუსთავი განახლებული ავტოსადგომით დახვდება. ავტოსადგომის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის და რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
,,ეს ობიექტი უნდა მოემსახუროს იმ 40 ახალ ავტობუსს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდა შეიძინა ჩვენი ქალაქისთვის. თქვენ იცით, რომ პროექტი იბიარდის დაფინანსებით განხორციელდა და მას გარკვეული ვალდებულებები ახლდა თან. ერთ-ერთი ვალდებულება, სწორედ ინფრასტრუქტურულად გამართული ავტოსადგომის მოწყობა იყო და ამ ვალდებულებას რუსთავი ასრულებს. ახალ ავტობუსებს, რომელთა შემოყვანაც ქალქში დეკემბრიდან დაიწყება, რუსთავი ინფრასტრუქტურულად გამართული ახალი ავტოსადგომით დახვდება.”-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
პროექტი ფარგლებში, რუსთავის ახალ ავტოსადგომზე მოწყობილია წყალარინების სისტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგებულია ბეტონის საფარი, მოწყობილია გარე განათება, ავტოსამრეცხაო, ადმინისტრაციული შენობა, დაცვის ჯიხური და ბოქსები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 057 473,78 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 218, 29 ლარით დაფინანსდა.
ახალი ავტობუსები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეისყიდა. 6 ქალაქისთვის შეძენილი 175 ავტობუსიდან 40 ერთეული, რუსთავს დეკემბერ-იანვარში უნდა გადაეცეს.