„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის, ხობისა და სენაკის დეპუტატობის კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტივისტებთან ერთად ხობის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა, თუმცა ბაზრის მოვაჭრეებმა იგი უკან გააბრუნეს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ ერთერთმა მოვაჭრემ გიგლა ცხადაიამ განუცხადა, მათ “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს პარტიის საარჩევნო ფლაერები არ გამოართვეს და სწორედ ამას მოყვა, მცირე სიტყვიერი შელაპარაკება.
„მუშაობით ვიყავი დაკავებული და მომადგა აიღე ფლაერიო, ვუთხარი სახელი და გვარი მითხარი ვინ ხარ მეთქი, ეს ბროშურები არ მინდა წაიღე უკან-მეთქი. “ოცნება” არ ვარგაო, მე ვუთხარი, იქ იჯექი და არაფერი არ გაგიკეთებია და ვაცალოთ “ოცნებას” -მეთქი. მომიბრუნდა და შარშან კიდე ვიყავი აქ და ვიცი რასაც წარმოადგენო, ისიც კი მომაძახა შარშანდელივით ხარ, მაშინაც არ გინდოდა „ნაციონალური მოძრაობაო“, თავად ზოდელავამ. აქ უკმაყოფილება ყველამ გამოხატა. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის მიუღებელია“,- უთხრა „რეგიონულ კვირას“ ხობის ბაზრის მოვაჭრემ.
თავად “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.