ლევან მეხუზლა: მოსახლეობას ვთხოვ მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ სოფლის რწმუნებულებთან და ნუ დაკრეფავენ ყურძენს მათი მითითების გარეშე

მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ სოფლის რწმუნებულებთან და ნუ დაკრეფავენ ყურძენს მათი მითითების გარეშე – ამის შესახებ რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბის ხემძღვანელმა ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს განაცხადა.
ლევან მეხუზლა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ყურძნის ჩამბარებელ ქარხნებთან რიგები არ წარმოიქმნას.
რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბის ხემძღვანელის განცხადებით, უკვე ერთი კვირაა ყოველდღიურად იკრიფება საშუალოდ 10-14 ათასი ტონა ყურძენი. მისივე თქმით, რთველის თანმდევი პროცესია რიგები, რომელიც ერთ ღამეზე მეტი არ გრძელდება.
ლევან მეხუზლას განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რას საჭიროა და არც ერთი გრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
,,ამ პიკური პერიოდისთვის, დამახასიათებელია რიგები, რაც მოგეხსენებათ წინა წლებშიც იყო.
ყველა ქარხანას თავისი გამტარიანობა აქვს განსაზღვრული, რომლის მეტადაც უბრალოდ ვერ გადაამუშავებს ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, წელს განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოყვა გასაგები მიზეზების გამო ამ რიგებს.
ჩვენ ყოველდღიურად, ადგილობრივ ხელისუფლებას და თვითმმართველობას ვაწვდით იმ რაოდენობებს, რაც უნდა დაიკრიფოს, რის გადამუშავების საშუალებაც აქვს ამა თუ იმ ქარხანას.
ყველანაირად ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით დაგვიდგეს და შესრულდეს ეს ე.წ. კვოტები, თუმცა აქვე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტად დაიცვან ეს პრინციპი და დაუჯერონ სოფლის რწმუნებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღე-ღამური გადამუშავების ნორმა დაკრეფილი ყურძენი გადაამეტებს გადამუშავების საშუალებას და წარმოიქმნება რიგები”, – განაცხადა ლევან მუხუზლამ.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები