ხობში მომხდარ მკვლელობებში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 1-ელ თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ, განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდსა და პოლიციელზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1-ელ თებერვალს, ი.ა.-მ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დანით ს.ყ.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. მანვე, იმავე დღეს, განზრახ მოკვლის მიზნით დ.კ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დ.კ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა“ – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაწყებამდე ი.ა. თავს დაესხა დეტექტივ-გამომძიებელ ვ.ჭ.-ს და სხეულის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2020 წლის 1-ელ თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა, (ორი ეპიზოდი)) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები