დაბა ლაითურში კორონავირუსის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, გადაადგილება შეიზღუდა, დაბის ყველა შესასვლელთან ბლოკპოსტები განთავსდა, სადაც გაკონტროლდება დაბაში შემსვლელ – გამომსვლელი.
“დაბა ლაითურში შეიზღუდა მოძრაობა, გამომდინარე იქედან, რომ კონტქტები იყო ბევრი დაინფიცირებული ადამიანების. არ იქნა დაცული ის წესები, რაც აუცილებელი მოთხოვნა იყო და იძულებული გავხდით, რომ გარკვეული შეზღუდვები დაგვეწესებინა დაბა ლაითურისთვის. ყველა მოქალაქეს, ვინც ცხოვრობს დაბა ლაითურში, თავისუფლად აქვს შესაძლებლობა, შევიდეს სოფელში და სოფლიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათ უტარდებათ შესაბამისი მანიპულაციები. მაქსიმალურად გაფრთხილებულია მოსახლეობა, რომ შეიკავონ თავი გადაადგილებისაგან, გამკაცრებულია თვითიზოლაციის წესები, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და მათი ტესტირება. დღის ბოლომდე მაქსიმალურად მოვიცავთ დაბა ლაითურის კონტაქტებს. შესაბამისად, საღამოსთვის გვეცოდინება დაზუსტებული პასუხები.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებზე არ ფიქსირდება. გვყავს 5 გამოჯანმრთელებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რეგიონის მასშტაბით ყველა კონტაქტი იყოს მოძიებული და დროულად მოხდეს რეაგირება. ჩვენს რეგიონში ყველა პროცესი კონტროლირებადია, დაგვემატა “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები, რომლებიც გურიის რეგიონში მაცხოვრებლები არიან და მუშაობენ იქ. ამჟამად მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიებაც”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” სახელმწიფო რწმუნებულმა, გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაიამ.
დაბაში შესასვლელ ბლოკპოსტთან იმყოფებიან დაავადებათა კონტროლის გურიის განყოფილების ეპიდემიოლოგები, რომლებიც დაბიდან გამომსვლელებს PCR ტესტებს უტარებენ. დაბაში მიმდინარე შეზღუდვებსა და მიმდინარე შემთხვევებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია გვეუსაუბრა.
“დაბა ლაითურში ადგილი აქვს შემთხვევების მატებას, თუმცა არ არის ეს ის რაოდენობა, რომ მოსახლეობა შევაწუხოთ, ან მთლიანად ჩავკეტოთ. ჩვენ დღეს დავიწყეთ შეზღუდვითი ღონისძიებები, ეს არის სლოგანის, “დარჩი სახლში” გაგრძელება. ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ, თუ რაიმე გადაუდებელი საქმე არ აქვს, არ გამოვიდნენ დაბიდან. მათ ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს, აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და გადაუდებელი საჭიროება – ასეთ ხალხს ჩვენ გავუკეთებთ ტესტირებას ყოველ 48 საათში. მოვუწოდებთ ყველას, რომ დაიცვან თვითიზოლაციის წესები. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი შევაჩეროთ. ეს შეზღუდვები სადღაც გაგრძელდება ერთი ინკუბაციური პერიოდი, 12 დღე, თუ მოგვცა შედეგი, არ გვექნება ამ 12 დღის შემდეგ მატება, მაშინ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრებას.
სტატისტიკას რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დაგვემატა “აჭარა ტექსტილის” თანამშრომლები, რომლის დიდი ნაწილი ოზურგეთის მაცხოვრებლები არიან. დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, გურიის რეგიონში სულ 89 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ დღის ბოლომდე კიდევ ველოდებით პასუხებს”, – განაცხადა მჟავიამ.
დაბა ლაითურში სულ კორონავირუსის 21 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 7 მასწავლებელი. დაბა ლაითურის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე არის გადასული.