კორონავირუსის უსაფრთხოების ზომები საბავშვო ბაღებში – ცაგერში ტრენინგი ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების დირექტორებთან, აღმზრდელის თანაშემწეებთან და მედდებთან სწავლება ჩაატარა. სწავლების თემა“ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის“ იყო.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ბურჯალიანი „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავს, საბავშვო ბაღები ცაგერში 1 ოქტომბრისთვის პასუხისმგებლობით ემზადებიან.
„ მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით სკოლამდელ დაწესებულებებში ინფექციის თავიდან ასაშორებლად, ყველა საჭირო აღჭურვილობის შეძენა-შეტანის პროცესი მიმდინარეობს, შემოტანილია სადეზინფექციო ხსნარები და დეზობარიერები, უახლოეს დღეებში პირბადეებს, ელექტრო თერმომეტრებს თერმოსკრინიგისთვის, დისპენსერებს და ხელის სადეზინფექციო ხსნარებსაც შემოვზიდავთ. დღევანდელი სწავლება-ტრენინგიც საბავშვო დაწესებულებებში გასაცემ რეკომენდაციებს ეხება, იმას, თუ როგორ დავიყვანოთ საფრთხე მინიმუმამდე“,-განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 15 საბავშვო ბაღი და 250 აღსაზრდელია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები