ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან ხვალ გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

„გვაქვს პოზიტიური სიგნალი და ეს არის ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მრავალთვიანი აქტიური მუშაობის შედეგი. მივიღეთ პირობა, რომ ხვიჩა მღებრიშვილი ხვალ გათავისუფლდება. რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი იმ დაზიანებისა, რაც ჰქონდა მიღებული. საუბარი ასევე შეეხო სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენას. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 11 სექტემბერსაც. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ერგნეთში მყოფმა ევროკავშირის დამკირვებლებმა საკუთარი თვალით ნახეს ეს ვერტმფრენი. ეს არის მორიგი დესტრუქციული ქმედება, რომელიც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ასევე განვიხილეთ გახშირებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და უსაფუძვლო ბრალდებებით დაკავებული აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხი, რომლის მიმართ ზეწოლაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე დეკადაში ჩატარდება, ზუსტ თარიღზე მხარეები ცხელი ხაზის მეშვეობით შეთანხმდებიან.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები