“შოკში ვართ, ვერ ვიჯერებთ, რომ ამის გამკეთებელია” – რას ყვებიან ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დირექტორზე
ახალციხეში, არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მიმართ სკოლის დირექტორი ხშირად ძალადობდა, რასაც ოჯახის ნათესავები ეწინააღმდეგებიან.
“შოკში ვართ, ვერ ვიჯერებთ რომ ამის გამკეთებელი იყო. სკოლის დირექტორია თვითონ, მეუღლე. მისი კოლეგაა და იგივე სკოლაში მუშაობს. ახალციხეში ცხოვრობდნენ, მაგრამ სოფელშიც აქვთ სახლი და ხშირად ამოდიოდნენ. მაგ ოჯახზე ცუდი არავის გაგვიგია. პირიქით, ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ. ძალიან გაგვიკვირდა ყველას”,- განუცხადეს “რეგიონულ კვირას” ოჯახის ახლობლებმა.
მომხდარის შესახებ “რეგიონული კვირა” დირექტორის თანამშრომლებსაც გაესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ სკოლაში ძალადობის ნიშნები არასოდეს შეუნიშნავთ.
“ძალიან კარგი პედაგოგი და დირექტორია. თანამშრომლობაც კარგად იცის და დირექტორობაც. ოჯახში რა ხდებოდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მეეჭვება სიმართლე იყოს. არ მგონია ამ ყველაფრის გამკეთებელი. ზოგადად მისი მეუღლეც ჩვენთან ასწავლის და ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ძალადობის მიმართ მიდრეკილება არასოდეს შეგვინიშნავს”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს – 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
ცნობისთვის, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.