თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. მუზეუმში უკვე შეიცვალა ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრები, გადაიხურა სახურავი, ამ ეტაპზე ინტერიერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი სტანდარტების თანამედროვე საგამოფენო სივრცე მოეწყობა .

პროექტი ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) , სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, საგრანტო კონკურსის შედეგად მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 11 ათასამდე ექსპონატია დაცულია , მათ შორის, გვიანი ქვის ხანის (ძვ.წ.აღ VII-IV სს) არქეოლოგიური მასალა, ასევე, ეთნოგრაფიული, ისტორიული მასალები, ნუმიზმატიკური კოლექციები, ხელოვანთა ნამუშევრები და ა.შ.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდინარე სამუშაოებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და ააიპ „კულტურისა და სპორტის ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ყაზახაშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტის საერთო ბიუჯეტია 256,442 ლარი. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული 2018-2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივ დონეზე სოციალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ასეთ პროექტს განეკუთვნება ქალაქ თეთრიწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები