ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 631 ნიმუშიდან კორონავირუსი ხუთს გამოუვლინდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 631 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 5 მათგანი დადებითია, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
თორიას თქმით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ზუგდიდის კლასტერს.
მისივე განმარტებით, კიდევ 200-მდე ტესტის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
“ოთხიდან ორი უკავშირდება 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტს,იგი ინფიცირებული მამაკაცის მეზობელია. ერთი არის 70 წლამდე ინფიცირებული ქალის მეზობელი, ხოლო ერთი ოქროს ბირჟის თანამშრომელი. რაც შეეხება მეხუთე ინფიცირებულს, იგი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 46 მოქალაქეა ინფიცირებული. რუხის კლინიკაში 58 პაციენტია მოთავსებული,ისინი გადიან შესაბამის მკურნალობას. კოვიდინფიცირებულების კონტაქტები დაახლოებით არის 600-ზე მეტი. ჯერ-ჯერობით გუშინ აღებული ნიმუშებიდან ყველა ტესტზე პასუხები მიღებული არ არის.დარჩენილია 200-ზე მეტი ტესტი, რომელთა პასუხებს უახლოეს საათებში მივიღებთ. რაც შეეხება მერიის თანამშრომლებს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”, – განაცხადა მალხაზ თორამ.
ცნობისთვის, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ბოლო მონაცემებით 146 მოქალაქე იმყოფება.