მარტვილში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” მუნიცპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.
საკონსულტაციო ცენტრი, იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ გახსნეს.
ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, როგორიცაა: მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო სესხები, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა და სხვა. ცენტრის იურისტებმა განმარტეს თუ ვის და როგორ შეუძლია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება და იმ სამართლებრივი პრობლემების შესახებაც ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაა აქტუალური.
ცენტრი უფასო სამართლებრივ მომსახურებას მოქალაქეებს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით გაუწევს.