სამცხე-ჯავახეთმა მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა – ადიგენში 2 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ბათუმში, ახლობლის ქორწილში იმყოფებოდნენ. გარდა ამისია, ბათუმში გამართულ საქორწინო ცერემონიას დაესწრო მეზობელ სოფლებში მცხოვრებლებიც.
ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რეგიონში დაფიქსირებულ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ეხლა ისეთ ადგილზე ვარ, არანაირი კომენტარის გაკეთების საშუალება არ მაქვს, მაგრამ ზოგადად არც სურვილი არ გამაჩნია კომენტარის გაკეთების, ამიტომ ნუღარ დამირეკავთ“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ რუიზა ქიმაძემ.
ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორისგან განსხვავებით, რეგიონში დაფიქსირებულ შემთხვევაზე უპრობლემოდ ისაუბრა სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ.
„ორივე პირს აქვს ბათუმში მოგზაურობის ისტორია. დადგენილია ამ ორი პიროვნების კონტაქტები. ჯამში გამოვლენილია 42 კონტაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტირება და ყველას პასუხი არის უარყოფითი. ქორწილში იმყოფებოდნენ თუ არა, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ადიგენის სოფელ ჭეჭლას ორ მკვიდრს. მიმდინარეობს მათი კონტაქტების დადგენა.