„ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ”, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.
არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღოს საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს.
„არჩევანის გაკეთების წინ ყველა ადამიანი ფიქრობს, თუ რისი გაკეთება შევძელით ჩვენ ერთად და რის გაკეთებას შევძლებთ მომავალში. რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მხოლოდ – „ქართულმა ოცნებამ” სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც, დამეთანხმებით, რომ განვითარების მთავარი პირობაა. ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აშენდა, C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელზეც გადაწყვეტილება სწორედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, როდესაც ის გახლდათ პრემიერ-მინისტრი, ბოლო მაგალითიც, ადასტურებს, რომ ქვეყანას ძლიერი მმართველობა და ინსტიტუტები აქვს – როდესაც საქართველომ, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესოდ გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას, შეძლო ვირუსის ყველაზე სახიფათო ტალღის შეკავება – ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ჩვენ შევქმენით ნამდვილად ეფექტური და ადამიანზე ორიენტირებული მმართველობის სისტემა. მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი ბიზნესის თავისუფლებას და საკუთრების უფლებას. ჩვენ ერთად შევძელით, დაგვესრულებინა დრო, როდესაც ბიზნესმენები და მესაკუთრეები შუაღამით მიდიოდნენ და სახელმწიფოს ჩუქნიდნენ საკუთარ ქონებას. სამწუხაროდ, ეს იყო უსამართლო სახელმწიფო და სწორედ ჩვენ შევძელით ერთად, რომ დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში არის სამართლიანი, არის ობიექტური და არ აძლევს თავის თავს უფლებას, რომ სხვისი საკუთრების უფლებაში ჩაერიოს. ჩვენ შევძელით პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, დღეს ჩვენი ქვეყანა სარგებლობს უვიზო რეჟიმით ევროპასთან, სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. სწორედ ეს საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, ძლიერი გუნდი და გვაქვს ხედვა, როგორც იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე, ასევე, გვაქვს ხედვა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო პოლიტიკაში და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში. ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად დავხმარებოდით მეწარმეებს და კერძო სექტორს. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სააგენტოს 2.9 მილიარდის პროექტები და გრანტები აქვს გაცემული და აქვე მინდა გითხრათ „აწარმოე საქართველოს” ფარგლებშიც 1.4 მილიარდის პროექტები არის დაფინანსებული. ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომლითაც 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, შექმნა ახალი ბიზნესი, დაასაქმა ადამიანები, ან გააფართოვა უკვე არსებული საწარმო. ჩვენ შევძელით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად განვითარება. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ამ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ახლა გზაში დავათვალიერეთ, მაგრამ ასეთივე პროექტები დღეს კეთდება მთელ საქართველოში და ეს პროცესი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება, რომ განვამტკიცოთ ნდობა თქვენთან, მივიღოთ კიდევ ერთხელ, თქვენი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს განვითარება”,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.