„ქართული ოცნება” უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც რეალური ძალაუფლება, კონტროლი სახელმწიფო მმართველობაზე დაუბრუნდა ხალხს და სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას აღნიშნა, ის, რომ სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში ადამიანი დგას, გარანტირებულია არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ „ქართული ოცნების” მუშაობის პრინციპების დონეზეც.
მისი თქმით, მიუხედავად აგრესიული, ძველი ოპოზიციის მიერ დღემდე კონტროლირებადი დეზინფორმაციის კამპანიისა, მმართველმა გუნდმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და საზოგადოებასთან ნდობის განმტკიცება შეძლო.
„ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია რაიმე განვითარების მიღწევა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე და ბოლო, ყველაზე კარგი მაგალითი – საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის პროგრამის, სხვა რეფორმების შემდეგ, არის საქმე, რომელიც გიორგი გახარიას მთავრობამ გლობალური პანდემიის პირობებში გააკეთა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიის და კორონავირუსის პირველი ტალღის მოგერიება და ვირუსის ფართო გავრცელების შეზღუდვა. ახლაც, თქვენ რომ შეხვიდეთ გლობალური სტატისტიკის გვერდზე, ნახავთ, რომ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპაში, არის შემთხვევების მკვეთრი მატება და ამ ფონზეც საქართველო რჩება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ზონად და ინარჩუნებს მწვანე სტატუსს. ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ძლიერი ლიდერები. ჩვენ სწორედ ამ გამოცდილი გუნდით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ზრუნვას მომავალზე და დღეს მოვედით თქვენთან, რომ ეს ნდობა განვამტკიცოთ და განვაგრძოთ თქვენთან ერთად ზრუნვა ქვეყნის გამთლიანებაზე, ქვეყნის გაძლიერებაზე”,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გამოწვევებზეც. მისი თქმით, გაჭირვების პირისპირ არაერთი ოჯახი რჩება, თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მოთმინებით, შრომისმოყვარეობით, სწორი, თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით, „ქართული ოცნება” კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის – კობა ლურსმანაშვილის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა და მათ მიერ პარლამენტში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
„პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამ წლების განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იყო ყოველი ლარის დარაჯი და ის ყველაზე მეტად ზრუნავდა, რომ ბიუჯეტი სამართლიანად ყოფილიყო განაწილებული და რაციონალურად ყოფილიყო დახარჯული. მას ყოველთვის ჰქონდა საქმიანი კითხვები და საქმიანი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც პარლამენტში განიხილებოდა. ეს არის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უყვარს თავისი ხალხი. მე მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ასევე, ბატონი კობა ლურსმანაშვილის მისამართით. არ ყოფილა არცერთი სესია ამ ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც სხვა საერთო საკითხებთან ერთად, ბატონ კობას თავისი კუთხის, თავისი ხალხის საჭიროებები არ დაეყენებინა სხდომაზე, კომიტეტებში თუ უმრავლესობის შეხვედრებზე. დამიჯერეთ, რომ ეს ადამიანი მართლაც ღირსეულად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელებს თავის საქმიანობას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.