„რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხარაგაულში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რასაც დღეს, აქ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.
„ისტორიულად, ამ მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის, გზას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქ, ცნობილი საქარავნე, სავაჭრო გზები გადიოდა. დღეს, აქ რაც ხდება, რასაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც ვმოძრაობთ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, მართლაც შთამბეჭდავია. ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს, აქ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. აქ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პანდემიისა და თქვენ დამემოწმებით, ამ მშენებლობაზე, არც ერთი დღით, სამუშაოები არ შეჩერებულა. ჩვენ, ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ხარაგაულისთვის ამ გზას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენ, მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ეს ყველაფერი, უფრო უკეთესი ფორმით იქნება გაკეთებული. როდესაც ეს გზა დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც, აქ, უამრავი ადგილობრივი არის დასაქმებული, უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმების ახალი სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი.
„რა თქმა უნდა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, დაცული ტერიტორია, რომელიც ტურისტულად უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, ესეც გადაივლის, აქაც ერთად გავიმარჯვებთ ყველა. ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა აქ, ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეული ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამებით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს. ამისთვის, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს, აწარმოე საქართველოს საშუალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით, ტურიზმის სააგენტოს პროგრამებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენს მუნიციპალიტეტში უკვე მიიღოთ და ამას არ სჭირდება სიარული თბილისში, ბევრი სიარული სხვადასხვა სამინისტროებში და ბიუროკრატიული წამება”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს, ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, პირველ რიგში, არის შიდა რაიონული გზები.
„მესმის, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქალაქისთვის შიდა რაიონულ გზებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში და აქ, მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ყურადღებას, მუშაობას და რა თქმა უნდა ხარაგაულის წყალმომარაგება, პირველ რიგში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, დასრულდება უახლოეს პერიოდში და შემდგომ ამას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა, ახალი პროექტის შექმნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაატა კვიჟინაძე იქნება ღირსეული ხმა უკვე ხარაგაულელებისაც.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება არჩევნები, რომელიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში ბატონი პაატა კვიჟინაძე გაიმარჯვებს, ამაში უბრალოდ ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ ვიცნობ ამ ადამიანს წლებია, ერთად გვიმუშავია ბევრი, მისი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო სანიმუშო და ახლა, ამას, ლამაზი სიტყვებისთვის არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პაატა გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას და იქნება ღირსეული ხმა უკვე ხარაგაულელებისაც. ჩვენი მიზანი, საბოლოო ჯამში, არის მარტივი – ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამ არჩევნებშიც ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გისურვებთ გამარჯვებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.