მამუკა მდინარაძე: წარმატება უნდა გახდეს საქართველოს საფირმო ნიშანი

„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, ც ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მართლაც საამაყოა, რომ 7 მილიონამდე შემთხვევა დაფინანსდა, როდესაც ჯანდაცვის სფეროდან მიდიოდა დახმარება კონკრეტული ადამიანების მიმართ, ანუ ერთმა ადამიანმა ბევრჯერ ისარგებლა დახმარებით.

მისივე თქმით, არ არსებობს სფერო, სადაც მსგავსი პოზიტიური ციფრები არ იყოს.

„როდესაც სიღარიბეზე გველაპარაკებიან ხოლმე, ზუსტად ვიცით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცეებზე გვეტრაბახებიან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლამდე ოთხი პროცენტით შეუმცირებიათ სიღარიბე. ჩვენ შევძელით და ათ პროცენტზე მეტით შევამცირეთ, რაზეც არავინ გვეკამათება, მაგრამ ეს ათი პროცენტით შემცირებულიც იმას ნიშნავს, რომ 700 ათასზე მეტი მოქალაქე ისევ გაჭირვებაშია. ჩვენ ისეთი დინამიკა, ინერცია, ისეთი სტარტი გვაქვს აღებული, რომ გაგრძელება ბუნებრივია იქნება, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი, კიდევ უფრო მეტად საამაყო შედეგები და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ. ერთად მოვახერხებთ იმიტომ, რომ რეალური დამოკიდებულება, რაციონალური დამოკიდებულება, დეოკუპაციის გზაზე სიარული მშვიდად, წყნარად, განვითარებით და მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობა – ეს არის სწორი მიმართულება. ამ დროს უფრო თამამად დგახარ შენი მოქალაქეების წინაშე და ეუბნები, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

წარმატება უნდა იყოს ჩვენი საფირმო ნიშანი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ არა მხოლოდ პარტიულად, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქვეყანამ. ამის პოტენციალი გვაქვს და ამაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბაღდათი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები