“საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში, რაც ყველამ უნდა გავიაზროთ და ამისთვის ერთად ვიშრომოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას, ტყიბულში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი და ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა.
„გულწრფელები უნდა ვიყოთ და ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ტყიბულში, ბევრგან სხვაგან საქართველოშიც, მაგრამ ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტის საკითხი, რაც ჩვენს ტყიბულელებს აიძულებს ხშირშემთხვევაში სხვაგან ეძებონ სამუშაო ადგილები, ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ. ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ჯერ პანდემიის კრიზისში ვართ და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო, სხვებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამისთვის, ერთობლივად უნდა ვიშრომოთ. ტყიბულისმაგვარ ქალაქებში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის სისტემური ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები, ყველგან უნდა იყოს ერთ და იგივე. სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა იყოს დაახლოებული ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, გზები, წყალი, გაზი – ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ამისთვისაც ბევრი შრომა დაგვჭირდება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაში დაგვხვდა ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა და მიუხედავად იმისა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი, 4 წლის შემდეგაც, ჩვენი სისტემური ინფრასტრუქტურა, ევროპის დონეზე მაინც ვერ მივა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ სკოლები, საბავშვო ბაღებია გასარემონტებელი და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის პრობლემაა, რომლის რეკონსტრუქცია დავიწყეთ და დამთავრდება, ისევე, როგორც ქსელების რეკონსტრუქციის პროექტი ახლა დგება და გაკეთდება იმისთვის, რომ გამწმენდი ნაგებობა როცა გვექნება, ტყიბულში 24-საათიანი წყალმომარაგება იყოს, საბოლოოდ. როგორც კი მაგისტრალების და ჩქაროსნული გზების პრობლემები გადაწყდება, რა თქმა უნდა, შიდა გზების პრობლემა დგება პირველ პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს რეგიონებში, მათ შორის ტყიბულში, რომლებსაც უნდათ, პირველი ნაბიჯები ბიზნესში გადადგან, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს და ეს პირობები შეუქმნას,თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას, იმის მიუხედავად, ვინ სად ცხოვრობს და ვის როგორი შესაძლებლობები აქვს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელზეც თქვენთან ერთად უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს. ეს ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში მივუკაკუნოთ ევროპული ოჯახის ქვეყნების დიდ გაერთიანებას და ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ და საქართველო უკვე არის სრულად ევროპული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ყველას, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება და პოლიტიკური პლურალიზმი. ამის დამადასტურებელი იქნება ეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ბეჟან წაქაძე იქნება თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. გამარჯვებას გისურვებთ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში”,- განაცხადა პრემიერმა.