ალექსანდრე მოწერელია: მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ჩაის კულტურას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ რუბრიკაში „ჰოლონის პირისპირ“ თავისი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, აუცილებელია რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. ამაზე პარლამენტში მოგვიწევს საუბარი. საქართველოს რეგიონებს სწრაფი და თანაბრი განვითარება სჭირდება. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი და პარლამენტია სწორედ ის ასპარეზი, სადაც ამ საკითხზე უნდა დაიწყოს ძალიან სიღრმისეული დისკუსია“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მოწერელიას თქმით, ქვეყანაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო, რომ რეგიონული პოლიტიკა კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდეს და გაძლიერდეს მუნიციპალიტეტების როლი. რაც შეეხება, პრიორიტებს სოფლის მეურნეობაში, მისი მოსაზრებით ჩაი, მნიშვნელოვანი კულტურაა სამეგრელოს რეგიონისთვის.
„მე ერთ-ერთი ლობისტი ვიქნები, რომ ჩაის კულტურას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს. საჭიროა მეტი პროგრამა და პროექტის შემუშავება. ჩაი შემთხვევით არ იქნა შერჩეული თავის დროზე. ძირითადად ჩვენს რეგიონში მჟავე ნიადაგებია, რომელიც მიესადაგება ჩაის. შესაბამისად ამ და სხვა ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს სხვადსახვა კულტურების პოზიციონირება მსოფლიოს ბაზარზე“, – აღნიშნა მოწერელიამ.