თალაკვაძე ლავროვის განცხადებაზე: ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ,რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სერგეი ლავროვის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით დასტაბილურდება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ ჟენევისა და საერთაშორისო ფორმატებით ურთიერთობს და სხვა ფორმატები არ განიხილება.

“ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ,რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნორმალიზაციაზე საუბარი. რაც შეეხება დღეს არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევისა და საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს მსჯელობა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. როგორც ხედავთ ხელშეკრულების პუნქტებთან არც ცეცხლი შეწყვეტილა და რუსეთის მხრიდან არ ყოფილა არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, ასეთი განცხადებები მძიმე ფონს ვერ ცვლის, რაც სამწუხაროდ ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს.
რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში, ახალი არ არის, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით უფრო მეტად შეუშალოს ხელი ამ წარმატებებს. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, ამას აკეთებს მათთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაშიც, მაგრამ ხელისუფლება და ჩვენი ძალა, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები..რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს საქართველო, ეკონომიკაში, დემოკრატიაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, რუსეთის ფედერაცია მით მეტად ცდილობს, რომ დეზინფორმაციით და თავისი ინსტრუმენტების გააქტიურებით წინსვლას ხელი შეუშალოს, თუმცა ამასთანავე ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა იზრდება და საქართველო მშვიდობიანი, სტაბილური პოლიტიკით მიაღწევს თავის მიზნებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები