მეუფე ისაია ლენტეხში ახლადაგებულ ტაძარზე: მჯერა, ამ ტაძრის აგებაც ადამიანის სულის გალამაზებას და გაკეთილშობილებას მოემსახურება
ლენტეხში დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაიხსნა. კურთხევის წირვა-ლოცვა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ, ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ აღავლინეს.
ტაძარის მშენებლობა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოგი ლიპარტელიანმა დააფინანსა და სამშენებლო სამუშაოებში ლენტეხის მოსახლეობა იყო ჩართული.
ახალი ტაძრის გახსნაზე მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩავიდა.
როგორც ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დეპუტატობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან გოჩა ენუქიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ყოველი ასეთი ტაძრის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი მომენტია.
„მინდა ეს ამაღლებული დღე სრულიად საქრისტიანოს, ყველა ლენტეხელს მივულოცო. ტაძრის აღმშენებელს გოგი ლიპარტელიანს ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა ვუთხრა ასეთი ქველმოქმედებისთვის“, – თქვა ენუქიძემ.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ ღვთის მადლით, მეუფე სტეფანეს ლოცვა კურთხევით, ლენტეხელების შრომით და გოგი ლიპარტელიანის ქველმოქმედებით მშვენიერი ტაძარი აშენდა.
„ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, არაჩვეულებრივი ტაძარი აიგო. წუხელ რაჭაში დავრჩი და ამ დილით ვიხილე სვანეთის საოცარად ლამაზი ხედები. მჯერა, ამ ტაძრის აგებაც ადამიანის სულის გალამაზებას და გაკეთილშობილებას მოემსახურება და ამას ღმერთი ინებებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.
საკათედრო ტაძრის კურთხევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან გოჩა ენუქიძე და მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.