ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.
„შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.
ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.