აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი გზების ნაწილი გაწმენდილია
აჭარის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი გზების ძირითადი ნაწილი გაწმენდილია. კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 ლოკაციიდან 8 ტერიტორია მიწის მასისგან გაიწმინდა. მოწესრიგდა კირნათის გზა, აჭარის აღმართი და მაღლაკონი, დარჩენილ ლოკაციებზე ამ დროისთვის, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქედის მუნიციპალიტეტში 7 მიმართულებიდან ოთხი უკვე გაწმენდილია. მოწესრიგდა პირველი მაისი-კორომხეთის მიმართულება, ასევე მახუნცეთი-უჩხითი, ზვარე-ზესოფელი, დავითაძეების უბანი.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, ზამლეთი-ნიგაზეულის საავტომობილო გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესი. ამ ეტაპზე ტაკიძეების მიმართულებით აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა, ხოლო ზამლეთი-ნიგაზეულის ტერიტორიებზე ამ დროისთვის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. ტერიტორიებზე შეფერხებული იყო გადაადგილებაც. დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.