ლევან დავითაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის უბრალოდ მშრომელი ადამიანის ემოციებზე თამაში
ეს არის უბრალოდ მშრომელი ადამიანის ემოციებზე თამაში – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაქცეული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც რთველის მიმდინარეობის პროცესს და ყურძნის ფასს ეხებოდა.
მინისტრის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან სიტუაციის დაძაბვის მცდელობისა და პოლიტიზირების მოიხედავად, რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა აქვს.
,,ჩვენ გვახსოვს, რომ სამი-ოთხი დღის განმავლობაში რთველის დროს რიგებში იდგნენ ადამიანები და თან არაპროგნოზირებადი იყო ისინი ჩააბარებდნენ თუ არა ყურძენს, მიიღებდნენ თუ არა თავიანთი შრომის ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში მე მოვიარე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი, ვეწვიე ბევრ ქარხანას .
შტაბი 24 საათი მუშაობს. იმის მიუხედავად, რომ შტაბიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მაქვს, მიმდინარე პროცესი ჩემი თვალით მინდოდა მენახა. რთველი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, რაც არ უნდა იყოს მცდელობა სიტუაციის დაძაბვის და პოლიტიზების. სამწუხაროდ ასეთი მცდელობები არის. ეს არის უბრალოდ მშრომელი ადამიანის ემოციებზე თამაში”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის კომპანიებში “მილდიანი” და “მეღვინეობა შუმი” მევენახეებსაც შეხვდა, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელობისგან რთველის პროცესში ყურძნის შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და სამომავლო გეგმები მოისმინა.