ვინ გახდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი 1 დღით

თუ გიყვართ ბუნება და მცენარეები, ხოლო თქვენი საოცნებო სამსახური მათ მოვლას უკავშირდება, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ამ სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ, სადაც შეგიძლიათ ერთი დღით, ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობა დაიკავოთ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას თქმით, იდეის ავტორი, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაა.
როგორც ქარჩავა „რეგიონულ კვირას“ უამბობს, პროექტის მიზანი ახალი იდეების გამოვლენას და მათ დანერგვას ემსახურება.
“ბოტანიკური ბაღი არის საერთო სივრცე, ერთ-ერთი დატვირთული ობიექტი. ხშირად გვაქვს ხოლმე წინადადებები, შენიშვნები და ჩვენ ვიზიარებთ მათ ყველას. ხშირად მოდის ხოლმე ასეთი წინადადებები, მე რომ ვიყო დირექტორი ამას გავაკეთებდი, რაღაცას შევცვლიდი და ამ წინადადებებიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ახალ წლამდე მარათონი, რაც გულისხმობს იმას, რომ დასინტერესებული პირები ერთი დღით შეასრულებენ დირექტორის ფუნქციას, ნახავენ რა ხდება შიგნით, როგორ მუშაობენ და მერე თავიანთ წინადადებებს, იდეებს, მოგვაწვიდიან და წლის ბოლოს მათგან საუკეთესოს შევარჩევთ და დავნერგავთ ბოტანიკურ ბაღში”, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ ზვიად ქარჩავამ.
დაინტერესებულ პირებს ერთ კვირაში შეეძლებათ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გააგზავნონ აპლინაკტის მონაცემები და სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურთ მათ ამ პროექტში მონაწილეობა.
პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ გამოხმაურება საკმაოდ დიდი იქნება.
„აპლიკაციების მიღებას, ერთ კვირაში გამოვაცხადებთ, ვისაც ექნება უკეთესი იდეა და სამოტივაციო წერილი ამის მიხედვით მოხდება საუკეთესოების შერჩევა. რა თქმა უნდა, მას არ ექნება იურიდიული ხელმოწერის უფლება, მაგრამ ყოველდღიური საქმიანობა რაც არის, სამეურნეო თუ თანამშრომლებთან საქმის გადანაწილება და დაგეგმვა ეს იქნება მისი ფუქნცია”, – ამბობს ბაღის დირექტორი.
ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის პარალელურად, მალე ამუშავდება „მოხალისე მებაღის ინსტიტუტი“, რომელიც მოხალისეობრივი სახის იქნება.
„მოხალისეებს დღესაც არ ვუჩივით, ძალიან ბევრი კეთილი ადამიანია, რომლებიც ზრუნავენ ბოტანიკური ბაღისთვის, თუმცა გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ჩვენი თანაქალაქელი ჩავრთოთ ამ კარგ საქმეში”, – აღნიშნა ქარჩავამ.
ცნობისთვის, პანდემიის გამო, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნა და წლის ბოლომდე, ნებისმიერ სტუმარს მისი დათვალიერება უფასოდ შეეძლება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები