სალხინოს მოსახლეობას მალე ახალი სკოლა ექნება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყობა სკოლის ეზო, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და ავტოსადგომი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ დაათვალიერა.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 211 075 ლარს შეადგენს და სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი ქონსტრაქშენი“ ასრულებს.
მერიის ინფორმაციით, წაჩხურუს საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრში დასრულდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუში საჯარო სკოლის მშენებლობა სსიპ საქართველოს მუნიციპალური გავითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.