ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელიც მოსახლეობისთვის საინტერესოა- ასე შეაფასა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაისუბანის, პატარა გორის, ვარდისუბანის მცხოვრებლებს შეხვდა.
ქადაგიშვილმა საზოგადოების მხრიდან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
“ვაგრძელებთ ინტენსიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ადგილობრივები ინტერესით გამოდიან შეხვედრებზე.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელიც მოსახლეობისთვის საინტერესოა. თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები გაკეთდა, რა კეთდება სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის დარგის განვითარებისათვის და იგივე განათლების, სოციალურ საკითხებზე.
ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოსახლეობასთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათ წინაშე მდგარი პრობლემები, გამოწვევები და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ გადაჭრას დღესვე და რა თქმა უნდა ხვალ, საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.