ქუთაისში საკარანტინე ზონა იხსნება
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის საკარანტინე ზონა გაიხსნება. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასტუმრო “არგო” მიიღებს. სასტუმრო მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.
ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდგინდა.
გამოვლენილ პაციენტთა უმრავლესობა კვლავ 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება, სადაც ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდგინდა. გუბერნატორის თქმით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა მათი დაინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში სულ 1226 ადამიანი გამოიკვლიეს.
მეორე დღეა ქუთაისში აღარ მუშაობს საველე ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქამდე დაინფიცირებული ყველა პირის კონტაქტები დადგენილია და საველე ლაბორატორიის ფუნქციონირება ამ ეტაპზე, საჭირო არ არის.