ზაზა ლომინაძე: ქუთაისში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, 12 ახალი სკვერი გაკეთდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც სახელისუფლებო გუნდს აღნიშნულ უბანში მომდევნო წლების განმავლობაში აქვს დაგეგმილი. ადგილობრივებმა პრიორიტეტად სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურა დაასახელეს.
,,ქუთაისში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, 12 ახალი სკვერი გაკეთდა, მათ შორის ისეთ უბნებში, სადაც აქამდე არ იყო მსგავსი სარეკრეაციო ზონები. ნიკეას ქუჩაზე, ერთ-ერთ ახალ სკვერში, რომლის კეთილმოწყობაზე 135 ათას ლარამდე დაიხარჯა, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდი.
ბევრ საინტერესო და საგულისხმო საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის დასაქმების პრობლემაზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე, მიმდინარე მოვლენებიც შევაფასეთ და სამომავლო გეგმებიც დავსახეთ”,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ზაზა ლომინაძე უკვე შეხვდა ქალაქის რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.